ანსამბლი ჩამოყალიბდა 1996 წელს ქალაქ რუსთავში, მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერში. წევრების შეკრების მიზეზი ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღების (გალობის) სურვილი იყო. ამავე წლიდან გუნდი ინტენსიურ მუშაობას იწყებს ქართული საგალობლების მოძიება-შესწავლაზე. რეპერტუარში წლიური ციკლისა და სადღესასწაულო საგალობლები შედიოდა.
  თავდაპირველად გუნდი 5 კაცისაგან შედგებოდა. დროთა განმავლობაში წევრთა რაოდენობა გაიზარდა. მათი უმრავლესობა კონსერვატორიის სტუდენტები იყვნენ. ანსამბლმა საგალობლებთან ერთად მუშაობა დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების შესწავლაზე. გაიზარდა რეპერტუარიც და გაჩნდა სურვილი, რომ ეს შემადგენლობა ჩამოყალიბებულიყო ფოლკლორულ ანსამბლად, სახელწოდებით "მე რუსთველი".
  2000 წელს ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორატისა და ფოლკლორული კათედრის წევრთა გადაწყვეტილებით ანსამბლს მიენიჭა კონსერვატორიის ფოლკლორული ანსამბლის სტატუსი. ამ დროიდან იწყება "მე რუსთველის" აქტიური საკონცერტო მოღვაწეობა. როგორც კონსერვატორიაში, ისე საქართველოს ქალაქებში, რეგიონებსა და მის ფარგლებს გარეთ.
  კონსერვატორიასთან ურთიერთობამ დიდი გავლენა იქონია ანსამბლზე პროფესიული თვალსაზისით. გამრავალფეროვნდა "მე რუსთველის" რეპერტუარი, გაიზარდა საკონცერტო გამოცდილება და უფრო სრულყოფილი გახდა ანსამბლის შემადგენლობა.
  "მე რუსთველის" ახლანდელი შემადგენლობა ასეთია:

  1. ნუგზარ არველაძე(ანსამბლის ხელმძღვანელი)
  2. მიხეილ ედიშერაშვილი
  3. თამაზ მამალაძე
  4. თეიმურაზ ჯანელიძე
  5. თემურ კილასონია
  6. გიორგი ჯანელიძე
  7. გიორგი წივწივაძე
  8. შალვა მაისაშვილი
  9. ლაშა მაისაია

  ანსამბლი დღესდღეობითაც აგრძელებს მსახურებას მართალ იოაკიმ და ანას სახელობის სამლოცველოში და საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
  მერუსთველს აქვს დიდი პოტენციალი, მოიძიოს და შეასრულოს უძველესი ფოლკლორული ნიმუშები. დაგეგმილი აქვს ჩაწეროს თავისი შესრულებით კომპაქტდისკები. მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ფოლკლორულ ფესტივალებსა და კონცერტებში.
  აი რას წერს ანზორ ერქომაიშვილი "მე რუსთთველის' შესახებ:
  "დღეს ბევრმა საგუნდო კოლექტივმა შეიტანა თავის რეპერტუარში ქართულ საგალობელთა იშვიათი ნიმუშები. ახალგაზრდები ცდილობენ სიღრმეში ჩასწვდნენ და აღადგინონ მივიწყებული სამგალობლო ტრადიცია. ასეთ კოლექტივებს შორის გახლავთ "მე რუსთველი"', რომელიც მიუხედავად თავისი ასაკისა უკვე მოიპოვა საკმაო ავტორიტეტი და მსმენელთა პატივისცემა დაიმსახურა. ვინაიდან მისი წევრები ეროვნულ საქმეს ემსახურებიან და აგრძელებენ იმ საუკეთესო ტრადიციებს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს აქამდე."
  გარდა საგალობლებისა "მე რუსთველს" რეპერტუარში საქართველოს ყველა კუთხის სიმღერებია, რომელსაც ეს ანსამბლი ასრულებს საკონცერტო გამოსვლების დროს. იგი აქტიურად მონაწილეობს საეკლესიო დღესასწაულებში და ყველა საშუალებას იყენებს, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ სიმღერა-გალობას.
  ანსამბლ "მე რუსთველის" წევრთა უმეტესობა პროფესიონალი მუსიკოსია. ისინი სიმღერა-გალობის სიყვარულმა და ქართველი ხალხის სულიერი საგანძურის გადარჩენის ეროვნულმა მოვალეობამ დააკავშირა ერთმანეთთან. დღეს მათი სახელები გაიგივებულია ამ ანსამბლის ცნებასთან. ასე გვგგონია, რომ მათ ეს ცხოვრება, ერთი ბედი აქვთ. ყოველდღიურმა საქმემ, დაძაბულმა შრომამ წარმოშვა გასაოცარი ერთსულოვნება. რომელიც მათ ზნეობრივ ღირსებებზეც მეტყველებს.
  კონცერტები და გასტროლები:

  • 2002 წელს საგალობლების საერთაშორისო ფესტივალი საჩხერეში.
  • 2003 წელს ქ. ბონში (გერმანია) ბეთჰოვენის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც "მე რუსთველმა" გახსნა.
  • 2003 წელს ქ. ერევანში (სომხეთ) არამ ხაჩატურიანის საერთაშორისო ფესტივალი.
  • 2004 წელს ქ. თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში საერთაშორისო სიმპოზიუმი.
  • 2004 წელს სან-ფრანცისკოში (აშშ) ქართული ღვინისა და კერძების საერთაშორისო ფესტივალი. კალიფორნიის სხვადასხვა ქალაქებში კონცერტები.
  • 2006 წელს ბელგიისა და ჰოლანდიის ქალაქებში სოლო კონცერტები.
  • 2007 წელს ლატვიაში ბურდონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი.